მიკროავტობუსს, რომელსაც შატილში ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა და გადატვირთული იყო. როგორ გადაადგილდებოდა ტექდათვალიერებაგაუვლელი მიკროავტობუსი ჩვენს გზებზე?
აღსრულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში თვალშისაცემია, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა და გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტულ უწყებებს აძლევს საშუალებას, თითოეული ამგვარი უბედური შემთხვევისას თითი სხვა უწყებისკენ გაიშვირონ. არადა, ევროპის, და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების სტანდარტები, რომლის თანახმად, ტუროპერატორები იღებენ პასუხისმგებლობას მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე.
საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა დაგროვდა, თუმცა ხელისუფლება დუმს და არავის აქვს პასუხი, თუ რა კონკრეტული რეაგირება მოჰყვება აღნიშნულ შემთხვევას, რათა მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ ასეთი მასშტაბის ტრაგედიები.
ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხის პრიორიტეტულობა პრემიერ-მინისტრის დონემდე აიწევს, როგორც კორონავირუსთან საბრძოლველად არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა უწყება არის ჩართული. ეს საჭიროა, რათა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოორდინირებულად იმუშაონ და არსებული პრობლემები დროულად მოგვარდეს.
წყარო