საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსში მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად და წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. ამასთან, მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა.

პროკურატურის მიერ მათ წარედგინათ ბრალდება - ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და 3 პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო